საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ლეგიტიმური უფლება აქვს ცეცხლი განუახლებლობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიუხედავად, ეფექტური თავდაცვის სისტემა ჰქონდეს, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ საქართველო-აშშ-ის შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში შექმნილი, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცე და მყარი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ამასთან ერთად, საქართველოს ლეგიტიმური უფლება აქვს ჰქონდეს ეფექტური თავდაცვის სისტემა", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე განმარტებით, საქართველომ თავდაცვის სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა სწრაფად უნდა ჩამოაყალიბოს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბოკერიას განმარტებით, სხდომაზე საუბარი სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე, ჯარის მოდერნიზაციაზე და მის ნატოს სტანდარტებთან დაახოებაზე იყო.
"ის დახმარება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო დოქტრინის, წვრთნებისა და განათლების კუთხით უნდა აღმოუჩინოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.