რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მოსკოვისთვის სუპერსახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებას ისახავდა მიზნად, ომის მეხუთე წელს კრემლისთვის კატასტროფულ პრობლემად გადაიქცა. ამის შესახენ გერმანული გამოცემა Bild წერს.
გამოცემის თანახმად, ვლადიმირ პუტინს სამი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევა.
პირველი პრობლემა არის სამხედრო დანაკარგები. დასავლური შეფასებით, რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 35 000 ჯარისკაცს კარგავს - როგორც დაღუპულების, ისე დაჭრილების სახით. რუსი ოპოზიციური ჟურნალისტების მონაცემებით, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 352 000-ს აღწევს, რომელთაგან დაახლოებით 217 800 პირი იდენტიფიცირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ჯერ კიდევ ახერხებს დანაკარგების შევსებას ახალი რეკრუტებით, რუსეთის არმიამ წლის დასაწყისიდან ვერ შეძლო პირადი შემადგენლობის ზრდა.
მეორე პრობლემა უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვაა. როგორც Bild აღნიშნავს, პირველად დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს, ვიდრე იპყრობს. ამ ეტაპზე საუბარია მცირე მაჩვენებლებზე, თუმცა ეს ამცირებს რუსეთის ახალი წინსვლების მნიშვნელობას. წლის დასაწყისიდან რუსეთმა ჯამში დაახლოებით 220 კვადრატული კილომეტრი დაიკავა - უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 0.04%.
ეს დაახლოებით უტოლდება უკრაინის ჯარების მიერ უკან დაბრუნებულ ტერიტორიებსაც: ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 189 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
მესამე პრობლემა არის ომის დაბრუნება რუსეთის ტერიტორიაზე. ომი, რომელიც თავდაპირველად მოკლე საგარეო ოპერაციად იყო ჩაფიქრებული, მეხუთე წელს სულ უფრო მეტად ვრცელდება რუსეთის შიგნით. უკრაინული დრონები უკვე სისტემურად ესხმიან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას რუსეთის სიღრმეში. დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა მოსკოვის აგლომერაციაც - პუტინის იმპერიის „გული“, სადაც მოსახლეობა აქამდე ისე ცხოვრობდა, თითქოს ომი საერთოდ არ არსებობდა. მათთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა აფეთქებები საცხოვრებელი კორპუსების თავზე.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კრემლი იძულებულია შეცვალოს უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული საინფორმაციო ნარატივები, რადგან თავდაპირველი მიზნები ვერ იქნა მიღწეული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის გზავნილები ეტაპობრივად „ქვეითდება“ - დასაწყისში კიევის აღების შესახებ განცხადებების შემდეგ, დღეს უკვე ძირითად აქცენტს დონბასის შენარჩუნებაზე აკეთებს.