ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში დაეხმარება.
"დოქტრინის ჩამოყალიბება, სამხედრო განათლება და წვრთნების საკითხი"- ეს ის თემებია, რომლებზეც ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სამთავრობო სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განიხილეს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "დოქტრინა და სამხედრო განათლება ის საწყისი პროცესია, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა მოჰყვეს".
"საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა ხანგრძილივი პროცესია, თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განმარტა ვერშბოუმ.
მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები "არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც კონტრპროდუქტიული იქნება და რეგიონის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედებს".
შეგახსენებთ, რომ რომ საქართველო-აშშ-ის შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში შექმნილი უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა დღეს, თბილისში, სახელწმიფო კანცელარიაში გაიმართა.