"ის რაც ცხინვალის რეგიონში ხდება ეს არჩევნების არ არის, ეს არის რამდენიმე მოსკოვური კლანის და მათი ე.წ. სამხრეთოსური ფილიალების ბრძოლა უფლებისათვის ერთპიროვნულად დაეპატრონონ ფულს, რომლებიც მოსკოვიდან თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის მიდის", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
მისივე თქმით, აი სწორედ ამისათვის მიდის უსასტიკესი ბრძოლა ცხინვალის რეგიონში იმიტომ, რომ "ლუკმა ძალიან მსუყეა, თითქმის ერთნახევარი მილიარდი აშშ დოლარია და ყველას სურს ერთპიროვნულად მისი შეჭმა - არავინ არ არის მზად გაყოფისათვის".
ამას გარდა, გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ამბები დასრულდება იმით, რომ გაიმარჯვებს ის, ვისაც ის, ვისაც უფრო ძლიერი მფარველი ჰყავს კრემლში.
"ყველაფერი ეს კი დასრულდება იმით, რომ გაიმარჯვებს ის, ვისაც უფრო ძლიერი მფარველი ჰყავს კრემლში და რუსეთის საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა და გაყოფა გაგრძელდება", _ აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს: "თუმცა აღსანიშნავია, ასევე, რომ იქ არის ძალიან საშიში ტენდენცია როგორც კრემლისათვის, ასევე საოკუპაციო რეჟიმისათვის - ხალხს, ანუ იმ ნაწილს ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომელიც იქ დარჩა და ეს დაახლოებით 12-15 ათასი ადამიანია, ესმის, რომ ცხოვრება რუსულ სამხედრო ბაზაზე, მაშინ როდესაც მოწყვეტილი ხარ ნორმალურ ჯანდაცვას, განათლებას და ელემენტარული ცივილიზებული ცხოვრების საფუძვლებს ეს მათი ბედნიერების იდეალი არ არის".