"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი უპირველესი ოპონენტები გახდნენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ახალი პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბების შეფასებისას განაცხადა.
"უახლესი პოლიტიკური წარსულიდან გვახსოვს მსგავსი ტიპის კოალიციები. 2003 წელს ეს პარტიები იყვნენ ერთი კონკრეტული ლოკომოტივის გარშემო გაერთიანებული, რომლსაც მაშინ მიხეილ სააკაშვილი ერქვა და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი ჰქვია", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, ივანიშვილის ბლოკში გაერთიანებულ პარტიებს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ივანიშვილის გარეშე და თუნდაც ერთად 2%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.
"გასაგებია, რატომ სჭირდრდებათ მათ ივანიშვილი, მაგრამ მას ეს პარტიები რისთვის სჭირდება, გაუგებარია. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ძალიან მალე დაიწყება მათ შორის გაუცხოება და შესაძლოა ნომერ პირველი ოპონენტები ეს პარტიები გახდნენ", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა და დასძინა, რომ ამის ნათელი მაგალითი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ არსებული სიტუაციაა, როდესაც 6 თვეში ოპოზიციაში გადავიდნენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.
შეგახსენებთ: ივანიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება.