სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილის ფინანსურმა რესურსმა შეიძლება დაანგრიოს არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც. ამის შესახებ ჯაფარიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შეფასებისას განაცხადა. ცვლილებები პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
"გვყავს ახალი პოლიტიკურ მოთამაშე ბიძინა ივანიშვლის სახით, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ფინასური რესურსები. მისი კაპიტალი საქართველოს მშპ-ის თითქმის ნახევარია. ამ ფინასური რესურსი გამოყენებამ კი შეიძლება დაანგრიოს არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც კი", - აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს დაფინანსების კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება.
ჯაფარიძის შეფასებით, აუცილებელია გაუქმდეს პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაც.
"სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს გვყავს არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, უამრავი პოპულისტური რაღაც პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც რეალურად ფოკუსირებულები არიან სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებაზე და შემდეგი 4 წელი აღარაფერს აკეთებენ", - მიაჩნია ჯაფარიძეს.