ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩევენ, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჰქონდეს. როგორც „ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს ფულს პარტიებს და შესაბამისად მონიტორინგის განხორცილების უფლებაც მას უნდა ჰქონდეს.
„მაკონტროლებლად სჯობს ისევ ცესკო იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ის არის, რომელიც პარტიას აძევს ფულს და არა კონტროლის პალატა. თუმცა, თუ კონტროლის პალატა იქნება არც ეს არის პრობლემა, რადგან ისევ პარლამენტი ნიშნავს მის თავმჯდომარეს და ცალკე ორგანოდ ითვლება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, ფინანსებთან დაკავშირებით პარტიებში ყოველთვის პრობლემა იყო და ეს უნდა მოგვარდეს იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია ვისთან მეგობრობს ან რას თავაზობს.
„ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა ვიღაცაზე თვალი დაუხუჭავთ ან არ დაუხუჭავთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მიუკერძოებლად შეფასება ვინ რამდენ ფულს ხარჯავს და რატომ ხარჯავს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა და აქვე დასძინა, რომ იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდავს ხელისუფლება ივანიშვილის ფაქტორის გამო არ აკეთებს.
„2008 წლის დამფინანსებელთა ნუსხა რომ ნახოთ აღმოაჩენთ, რომ ხელისუფლებას ჰყავს იურიდიული პირების უზარმაზარი ჩამონათვალი, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს 99%-თ მხოლოდ ფიზიკური პირები აფინანსებენ. ბუნებრივია ეს საერთაშორისო დამკვირვებლებს თვალში ხვდებოდათ და გადაწყვიტეს, რომ უნიფიცირება მოახდინონ", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის პროეტის მიხედვით პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგი საქართველოს კონტროლის პალატამ უნდა განახორციელოს.