კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს თანაბარი შანსები - 50/50-ზე აქვთ.
"ვფიქრობ, შამბას და ანქვაბის შანსები 50/50-ზეა. ანქვაბს მხარს უჭერს ამომრჩეველთა ის ელექტორატი, რომელსაც კრიმინალის მოთოკვა და კორუფციის მოსპობა სურს, შამბას მხარდამჭერთა უმეტესობას კი ის ამომრჩევლები წარმოადგენენ, რომელთაც მეტი დემოკრატია და თანასწორობა უნდათ. რომელი გადაწონის, ძნელი სათქმელია, თუმცა ალბათ, მაინც ანქვაბი გახდება აფხაზეთის ახალი ლიდერი", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ე.წ. პრეზიდენტობის მესამე კანდიდატ რაულ ხაჯინბას, კონფლიქტოლოგის აზრით, მას შეუძლია ორივე კონკურენტს ხმები წაართვას და მეორე ტური გარდაუვალი გახადოს.
"პირველივე ტურში გამარჯვებული გამოვლინდება იმ შემთხვევაში, თუკი ხაჯინბა 10 %-ზე ნაკლებს აიღებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მას მხარს უჭერს ძველი გვარდია და არძინბას გუნდი, შესაძლოა, როგორც შამბას, ისე ანქვაბს ხმები წაართვას და მეორე ტური გარდაუვალი გახადოს", - განმარტა კონფლიქტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთი დღეს დე ფაქტო ახალ ლიდერს ირჩევს.