საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ერთ ქალაქში და ქუჩაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შეფასებისას განუცხადა.
"ქართული საზოგადოებისთვის მთავარია, რომ პარლამენტი ხარისხიანად მუშაობდეს კანონშემოქმედებაზე. ღებულობდეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუადვილებს ცხოვრებას, უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის და ჩვენი კანონები იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან მორგებული. ყველა ამ ფუნქციას პარლამენტი წარმატებულად შეასრულებს რუსთაველის გამზირზეც, ვარკეთილშიც, ქუთაისშიც და ნებისმიერ ქალაქშიც", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისვე თქმით, ქუთაისი არ არის უბრალოდ შერჩეული ქალაქი და ის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში ერთ ქალაქსა და ქუჩაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული. ამიტომ მივიღეთ გადაწვეტილება და დავიწყეთ პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში", - აცხადებს დეპუტატი.
მაჭავარიანის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწვეტილება მიიღო, რამდენიმე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად საზოგადოება პარლამენტის გადატანს მხარ უჭერს.
რაც შეეხება ხარჯების გაზრდის საკითხს, მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ხარჯებს უფრო გაზრდიდა თბილისა და ქუთაისს შორის სიარულით, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად ამისა ხარჯი გაიზრდება, მაგრამ "ეს არ იქნება უსაშველო ზრდა".
"საბოლოოდ მიღებულია გადაწვეტილება, რომ პარლამენტის ახალ შენობას დაემატება კიდევ ერთი პატარა, სამსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა აპარატისთვის", - აღნიშნა მან.