საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სასაზღვრო სოფლებში ჩატარებული კვლევის ანგარიშით -"ადამიანთა უსაფრთხოება სასაზღვრო სოფლებში" დაინტერესდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტიდან" აცნობეს, ანგარიში საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში ჯეფ ჰოფენბრაუერსს "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისა" და "კავკასიის ქალთა ქსელის" ხელმძღვანელებმა ლია მუხაშავრიამ და ნინო ციხისთავმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს, რომელიც უცხოელი დამკვირვებლების ინიციატივით შედგა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასაზღვრო სოფლებში არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, კვლევაში მონაწილე ქართველ მონიტორებს უსაფრთხოების საკითხებში ტრენინგს ჩაუტარებს. შეთანხმდნენ ასევე ურთიერთთანამშრომლობაზე სხვადასხვა საკითხებში.
შეგასხენებთ, რომ 4 დეკემბერს "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის იურისტთა ჯგუფმა სასაზღვრო სოფლებში - ერგნეთი, ტყვიავი, მერეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და კარბი მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანია ამ სოფლებში მცხოვრებთა უსაფრთხოების ხარისხის დადგენა.
პირველი, ოთხთვიანი მონიტორინგის ანგარიში "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, უშიშროების საბჭოს. შესაბამის სამთავრობო უწყებებს კი სოფლებში წარმოჩენილი პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, პასუხები დღემდე არ მიუღია.