კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რომ რუსული კომპანია WildBerries საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებს ყიდის.
გვარამია ინტერნეტგვერდიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშების ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია სანქციების გვერდის ავლის მექანიზმია და მესამე ქვეყნების გავლით, მათ შორის, დიდი ალბათობით, საქართველოცაა, რუსეთში აკრძალული საქონელი შეაქვს.
"რუსული WildBerries ამას რომ მთელ საქართველოში ყიდის, თუ იცოდით? თუ ვერ იცანით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშაა
და ამ WildBerries საქართველოში რომ 100 ფილიალი აქვს უკვე, ეს თუ იცოდით?
აი, ის კომპანია, რომლის საწყობებსაც უკრაინული დრონები აფეთქებენ, რადგან რუსული ომის მანქანის ნაწილია, პრაქტიკულად, რუსული არმიის სამხედრო-ლოჯისტიკური დანაყოფია: ყიდის დრონებსაც, ჯავშანჟილეტებსაც, კავშირგაბმულობის სპეცტექნიკას და სხვა მსგავსს
აი, ის კომპანია, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი რომაა და მესამე ქვეყნების გავლით (რომელთა შორის, დიდი ალბათობით, საქართველოცაა) რუსეთში აკრძალული საქონელი შეაქვს
აი, ის კომპანია, აშშ-ს, უკრაინის და პოლონეთის მიერ დასანქცირებული რომაა
ის კომპანია, რომლის ადგილობრივი ფრანჩიზის მფლობელმა ვინმე სერგი თვალჭრელიძემ 2025 წელს 30 ათასი ლარი შესწირა ქართულ ოცნებას
Ps ანუ, ამეების გაყიდვა საბოტაჟი არაა და ევროკავშირში იმეილის გაგზავნა არის :)))) ' - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე რამდენიმე შეტევა განახორციელა.
24 ივლისს დარტყმა იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ორ რაიონში (შუშარა და უტკინა ზავოდი) მდებარე ლოგისტიკურ კომპლექსებზე.
კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ორივე კომპლექსის მუშაობა შეჩერებულია.
მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში.