აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არც ერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ომის შეჩერება ლოგიკური იქნებოდა, თუმცა საგარეო პოლიტიკაში ლოგიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის არ ხორციელდება.
„ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. მაგრამ, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში და მსგავს საკითხებში, ზოგჯერ ის, რაც ლოგიკურია, აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოების დაძლევასა და ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით, სადაც არ უნდა გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ და ამ ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოება დავძლიოთ, პრეზიდენტი ამის გაკეთებისთვის მზად არის. ჩვენ კი ამის მცდელობას გავაგრძელებთ“, - თქვა რუბიომ.
მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ერთ-ერთი მხარის სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება და კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
„ეს ომი სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება. ის დასრულდება მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით“, - განაცხადა რუბიომ.
„ეს ომი არც ერთი მხარის გამანადგურებელი სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება. ის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით ნაკლები ნგრევა იქნება “, - განაცხადა რუბიომ.