ნავროცკი: პოლონეთში აშშ-ის მუდმივი ბაზის შექმნა დროის საკითხია და მას „ფორტ ტრამპი“ შეიძლება ეწოდოს
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ საბოლოოდ დაამტკიცებს პოლონეთში მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის გეგმას. მისივე თქმით, განხორციელების შემთხვევაში ბაზას „ფორტ ტრამპი“ (Fort Trump) დაერქმევა.
ამის შესახებ ნავროცკიმ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ბაზის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება „მხოლოდ დროის საკითხია“. ნავროცკიმ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ პროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 2029 წელს, დასრულდეს.
„როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია და ორივე ქვეყნის მთავრობა სამუშაოს დაასრულებენ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს თავად შეეძლება მონაწილეობა მიიღოს Fort Trump-ის გახსნის ცერემონიაში“, - განაცხადა ნავროცკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის განხორციელებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების შეთანხმება. ამასთან, ვარშავა მზად არის ქვეყანაში დამატებითი ამერიკული სამხედრო ძალების განთავსებისთვის.
პოლონეთში ამერიკული მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის იდეა პირველად 2018 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წამოაყენა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვარშავამ პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევა გაააქტიურა.
17 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის არმიის მუდმივი ბაზის შექმნის მიმართულებით „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იყო მიღწეული და აღნიშნა, რომ ბაზის ადგილმდებარეობა შესაძლოა მალე გახდეს ცნობილი.
ამჟამად პოლონეთში აშშ-ის სამხედროები როტაციის პრინციპით არიან განთავსებული. ვარშავა მუდმივი ამერიკული სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ნაწილად განიხილავს.