ისრაელის მთავრობის მიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გავრცელებული ისტორიულ ფაქტებსა და პოლიტიკურ სერიოზულობას მოკლებული განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რამდენად უსუსურია მთავრობა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ნეთანიაჰუსა და მისი თანამოაზრეების ეს იაფფასიანი პოლიტიკური თამაში, რომელიც მას საარჩევნო უპირატესობის მოპოვებასაც უნდა ემსახურებოდეს, არანაირ გავლენას არ ახდენს არც თავად ისრაელის საზოგადოებაზე, არც ჩვენს რეგიონში, არც საერთაშორისო საზოგადოებაზე და არც ჩვენზე.
გენოციდის ბრალდებებთან დაკავშირებით საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების წინაშე პასუხისმგებლობის მოლოდინში მყოფი ადმინისტრაციის ეს სამარცხვინო განცხადებები ნათლად აჩვენებს, თუ ვის და რამდენად აწუხებს თურქეთის ხმა და ჩვენი პრეზიდენტის შეუვალი პოზიცია სიმართლის წინაშე.
როგორც ბოლო დღეებში სულ უფრო აშკარა ხდება, ისრაელში საარჩევნო კამპანიაში დომინირებს უპასუხისმგებლო, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პოპულიზმი და მუქარებზე დაფუძნებული სულ უფრო ხისტი პოლიტიკა. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მცდელობა, თურქეთი ახალ საფრთხედ წარმოაჩინოს, ასევე ამ იაფფასიანი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.
მუქარებზე დაფუძნებული ეს პოლიტიკა და შიდა პოლიტიკური კონკურენციის გამო დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელის საზოგადოებას, არამედ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობასაც.
თურქეთი, როგორც წარსულში, მომავალშიც გააგრძელებს ჩაგრულთა გვერდით დგომას და მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლას და, რაც არ უნდა დაუჯდეს ეს, მტკიცედ დაიცავს მშვიდობას, სამართლიანობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა და აღნიშნა, რომ „ერდოღანი ახლა ცდილობს ისრაელის წინააღმდეგ აგრესია სირიაშიც გაავრცელოს. ისრაელი ამას არ შეეგუება“,