აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონის მიზანი უკრაინაში მხოლოდ ომის დასრულება არ არის - აშშ ასევე მუშაობს უსაფრთხოების უფრო ფართო სისტემის შექმნაზე, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ომის განახლება უნდა აღკვეთოს.
ამის შესახებ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ყველა ჩართულ მხარესთან აქტიურად მუშაობენ.
„ჩვენი ყურადღება მხოლოდ არა ამ საზარელი ომის დასრულებაზე, არამედ უსაფრთხოების უფრო ფართო სისტემის შექმნაზეც არის მიმართული, რომელიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ის აღარასოდეს განახლდეს“, - წერს კუშნერი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამოსავლის ძიებისადმი ერთგულებისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აფასებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ამერიკელ მომლაპარაკებლებთან.
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ მიდგომას და მათ ერთგულებას შემდგომი მოგვარების გზის ძიების პროცესში“, - წერს კუშნერი.
კუშნერის განცხადებას წინ უძღოდა მისი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება განიხილეს.