პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა თურქეთისა და მისი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ მწვავე განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სირიაში დარტყმა განახორციელა. იუწყება Times of Israel
„ერდოღანი ახლა ცდილობს ისრაელის წინააღმდეგ აგრესია სირიაშიც გაავრცელოს. ისრაელი ამას არ შეეგუება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
მანამდე ისრაელმა დაადასტურა სირიის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა, მიზეზად კი თურქეთის მიერ იქ სამხედრო ძალების განთავსების შესაძლო გეგმებთან დაკავშირებული შეშფოთება დაასახელა.
ნეთანიაჰუს ოფისმა ასევე გაიმეორა ერდოღანის მისამართით ისრაელის წინა ბრალდებები და თურქეთის პრეზიდენტს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა, რომელიც „ქურთების ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს, ჰამასის ტერორისტებს იფარებს, კვიპროსის ნახევარს იკავებს და მის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს რეკორდული რაოდენობით აპატიმრებს“.
„ერდოღანის ეს სავალალო მცდელობა, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები - ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატიის წარმომადგენლები, უშედეგო იქნება. ისრაელი გააგრძელებს ძალისმიერ მოქმედებას თურქეთის მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობების და მისი უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.