აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის მიერ შუალედურ არჩევნებში დამარცხებისა და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ირანთან ომია.
ვენსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რესპუბლიკელების საარჩევნო მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
„რეალური მიზეზი, რის გამოც დავმარცხდით, თითქმის ყველასთვის აშკარაა. დამარცხების მიზეზი ომია. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც განაცხადა“, - წერს ვენსი.
მისი თქმით, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ნაწილი, რომლებმაც 2024 წელს დონალდ ტრამპსა და მას დაუჭირეს მხარი, ამჯერად დემოკრატებს მიემხრო.
ვენსი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, რომლის გამოკითხვებსაც ის ენდობა, ამომრჩეველთა უკმაყოფილების ოთხი ძირითადი მიზეზი გამოავლინა. ესენია: ირანთან ომის დასრულების მოთხოვნა, ცხოვრების გაძვირებისა და ინფლაციის საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ამერიკის ინტერესების პრიორიტეტად ქცევა და ისრაელთან ურთიერთობის შეცვლა.
„ჩვენი ამომრჩევლები არჩევნებზე მივიდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიზეზის გამო კი ბევრმა მათგანმა დემოკრატებს მისცა ხმა“, - წერს ვიცე-პრეზიდენტი.
ვენსი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს მიაჩნია, ირანთან ომი ღირდა იმ ფასად, რაც რესპუბლიკელებმა გადაიხადეს, მათ შორის სენატზე მომდევნო ექვსი წლით კონტროლის დაკარგვად, ეს არგუმენტი ღიად უნდა წარმოადგინოს.
„ამტკიცეთ, რომ ეს ფასი გამართლებული იყო. ეთანხმებით თუ არა, ეს მაინც გულწრფელი პოზიცია იქნება. ყველამ იცის, რატომ დავმარცხდით. და ნებისმიერი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს“, — წერს ვენსი.
შეგახსენებთ, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 ადგილიდან 220 მოიპოვა, რითაც კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი გაიმყარა.