იანვრიდან, როდესაც დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს გადაიბარებენ, მათ შეეძლებათ თავად განსაზღვრონ, რომელი საკითხები და როდის გაიტანონ კენჭისყრაზე. მათ შორის შესაძლოა უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცების საკითხიც დადგეს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა უკრაინისთვის პირდაპირი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას კონგრესის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილებებმა კონგრესის წევრების, მათ შორის რესპუბლიკელების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ, მან გააუქმა რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციები და უარი თქვა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც შესაბამის კანონებს ხელი მოაწერა.
„ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, იანვრიდან, დემოკრატები შეძლებენ, თავად გადაწყვიტონ, რა საკითხები როდის გაიტანონ კენჭისყრაზე. ეს მათ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცების საშუალებას მისცეს. სავარაუდოდ, მას ხმების ორი მესამედი ექნება, რაც ტრამპის ვეტოს დასაძლევად არის საჭირო. დემოკრატების თანაშემწეების განცხადებით, კიევისთვის დახმარება პრიორიტეტია“, -წერს Reuters.
გამოცემის თანახმად, დემოკრატებმა შესაძლოა ყურადღება ტრამპის სხვა გადაწყვეტილებების შეჩერებაზეც გაამახვილონ. მაგალითად, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სავარაუდო მომავალმა თავმჯდომარემ, ნიუ იორკელმა დემოკრატმა გრეგორი მიქსმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც ტრამპის გეგმის დაბლოკვაა, რუსული დიზელი მსოფლიო ბაზარზე დააბრუნოს.
გარდა ამისა, გამოცემა საუბრობს ირანთან ომზეც.
ტრამპს კონგრესის თანხმობა არ მიუღია, ვიდრე 28 თებერვალს ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა. დემოკრატები არაერთხელ გამოვიდნენ ინიციატივით, შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები, თუ ტრამპი ომის გაგრძელებაზე კონგრესის ნებართვას არ მიიღებდა.
ერთ-ერთი ასეთი რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატამაც და სენატმაც რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის მხარდაჭერით მიიღეს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ის უგულებელყო.
კონგრესში გაზრდილი გავლენის გამოყენებით დემოკრატებს შეუძლიათ, შეამცირონ თავდაცვის ხარჯები ან შეაფერხონ თანამდებობებზე ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცება, რათა პრეზიდენტი აიძულონ, ომის გაგრძელებაზე კონგრესის თანხმობა მიიღოს. მათ ასევე შეუძლიათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვონ კანონმდებლებისა და საზოგადოებისთვის საკუთარი გეგმების გაცნობა, მათ შორის საჯარო მოსმენების დროს.
შეგახსენებთ: დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 ადგილიდან 220 მოიპოვა, რითაც კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი გაიმყარა.