უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკის განცხადებით, საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა.
„უკვე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის გუნდების დონეზე სამმხრივი ფორმატის შეხვედრისთვის ვემზადებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ოთხშაბათს ბრიუსელში უკრაინის წარმომადგენლებმა გამართეს შინაარსიანი შეხვედრა აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნატო-ს, მსოფლიო ბანკისა და გლობალური ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელიც ომის შემდგომი აღდგენის საკითხებს ეხებოდა.
ზელენსკის ინფორმაციით, ხუთშაბათს ბრიუსელში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ტემპი მაქსიმალურად ინტენსიური უნდა იყოს, რათა ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
„უკრაინა მზად არის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე გადავეცით“, - აღნიშნა მან.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზეც იმსჯელეს.
„საჭიროა რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის, რათა რუსული დარტყმებისგან ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ. ამერიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, Drone Deals-ის ფორმატით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა უკრაინის დამოუკიდებლობის, უკრაინელი ხალხისა და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები „მართლაც რკინაბეტონის“ უნდა იყოს.
ცნობისთვის, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება.