ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელის, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, საქართველოდან მომდინარე საფრთხეების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გაგრძელება აუცილებლად ექნება.
"ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. მედვედევი ამ განცხადებას ტყუილად არ გააკეთებდა. ალბათ, რუსეთში აქვთ გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სოჭის ოლიმპიადამდე შესაბამის რეგიონებში ტერორისტულ აქტებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და წინასწარ მზადდება ფონი იმისთვის, რომ ეს ვინმეს დაჰბრალდეს. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, რომ თუკი რაიმე ტერორისტული აქტი მართლაც განხორციელდება, მასში საქართველოს დაადანაშაულებენ", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, რაც უფრო ახლოვდება ოლიმპიადის გამართვის დრო, მით მეტი საფიქრალი უჩნდება საქართველოს.
"მაქვს შიშის ფაქტორი, რომ უახლოს მომავალში უფრო ღიად დაგვდებენ ბრალს, მაგრამ მიჩნდება კითხვა, რა შეიძლება მოხდეს და შესაძლოა თუ არა ამას მოჰყვეს სპეცოპერაციები ჩვენს ტერიტორიაზე? მგონია, რომ ამ ეტაპზე არა, მაგრამ, რაც უფრო ახლოს იქნება ოლიმპიადა, მით უფრო მეტი საფიქრალი შეიძლება გაგვიჩნდეს", - განმარტა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა და დასძინა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, "წინასწარ ვაწარმოოთ საინფორმაციო პოლიტიკა, რათა საინფორმაციო თავდასხმებისთვის მზად ვიყოთ და მაქსიმალურად შევამციროთ ისეთი ტიპის საფუძვლები, რაც მოწინააღმდეგეს ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში დაეხმარება".
სესიაშვილის ვარაუდს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკის - ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადებაც ამყარებს, რომელშიც მან ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ აფეთქებებში სწორედ საქართველო დაადანაშაულა.
"ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობის განცხადებას წინ უძღვის სწორედ კრემლის იდეოლოგია და პოლიტიკა. რამდენიმე დღის წინ მედვედევმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოდან მომდინარე საფრთხეებს ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით და რა თქმა უნდა, რაც ბელადმა თქვა, ქვედა რგოლის ჩინოვნიკებმა ის გაიმეორეს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობაში საქართველო დაადანაშაულა. როგორც არსენ კანოკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების უკან მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურები დგანან. ცნობისთვის: ყაბარდო-ბალყარეთს ჩრდილოეთით - სტავროპოლის მხარე (რუსეთი), სამხრეთით - ჩრდილოეთ ოსეთი (რუსეთი) და საქართველო და დასავლეთით - ყარაჩაი-ჩერქეზეთი (რუსეთი) ესაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ განცხადებამდე ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს საქართველოს განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის დავალება მისცა, ვინაიდან არ გამორიცხავს, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით თბილისმა პროვოკაციებს მიმართოს.