„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც მის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, "არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე“.
„სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან, ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან არ მინდა და არც ვიზამ.
როგორც ციხეში მყოფის კრიტიკაა ჩემთვის მიუღებელი, ასევე, ციხიდან ნებისმიერის ნაკლზე მითითებაც არასაკადრისია, შესაბამისად, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან „ლელოზეც“ და გახარიას პარტიაზეც.
თუმცა კი, ახლა რამდენიმე ბწკარი მაინც უნდა დავწერო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე და იქ მისულ პატრიოტ ხალხზე.
ორგანიზატორების ერთადერთი დაპირება ბიძინას 4 ოქტომბერსვე დამარცხება იყო, მაშასადამე, ვინც ასეთი ანონსის / აფიშის აქციაზე მივიდა, ალბათ, ის ხალხი მაინც არ უნდა აკრიტიკებდეს ორგანიზატორებს, თანაც პოსტ-ფაქტუმ. მისასალმებელია, რომ უმრავლესობა შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით - თავს იკავებს.
ჩემთვის ყველა ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, ვინც აქციის საარაკო და ფანტასმაგორიულ დაპირებას თავიდანვე აკრიტიკებდა, განსხვავებით მათგან, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ, ე მანდ, 4-ში რამე საჩვენო თუ მოხდა, მანამდე რატომ გავაკრიტიკოთო, თუმცა ახლა კრიტიკოსთა ყველაზე მწვავე ტრეკზე არიან.
ორგანიზატორები 4-ში თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ქოქოლას დააყრიდა, ეტყოდნენ, აი, 100 000-მდე ვიყავით და რატომ დაგვშალეთო, ასეთი ხალხის ნაკლებობას საპროტესტო საზოგადოება არ განიცდის! ორგანიზატორებმა მცდარად მიიჩნიეს, რომ 4-ში ხალხი აჯანყდებოდა და იმაზე მეტად გარისკავდა, ვიდრე აქციაზე გამოსვლა და ქუჩაში მშვიდობიანად გაპროტესტებაა.
ერთი სიტყვით, ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ, ჩემი აზრით, შეუვალ სიმართლეს:
დაანონსებული, აფიშა გამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.
ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.
ორგანიზატორებმა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის დაკვეთას უპასუხეს, რომელიც ხშირად საპროტესტო საზოგადოებაში, არაბუნებრივად წარმოჩნდება ხოლმე უმრავლესობად, ამიტომ მაინცდამაინც ორგანიზატორებს ნუ გაკიცხავთ. რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებულ საქმეს მავანი და მავანი უკვეთს, ასეთი დამკვეთები ხალხშიც არიან და ასეთი ხალხის გასაგონად ვწერ ამ საგამონაკლისო წერილს და ვეუბნები არაპოპულარულ სიმართლეს - 4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა მათი თავდადება იყო, რომელმაც მხარდაჭერა აქციაზე მოსული ხალხის 98 %-ში ვერ მოიპოვა და ვერც მომავალში მოიპოვებს. დროა გავიცნოთ ჩვენი საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და დამოკიდებულება, თუ ეს ყველამ მოვახერხეთ -პროტესტი ბევრად წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მთავარია - შედეგიც, თუმცა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
პროცესში ვგულისხმობ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრ სიძნელეს გაუძლო, აქცია რეჟიმი არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში და რაც მთავარია, გაუძლო დიდ გამოწვევას 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის სიმყარით მათ გადაწყვეტილებაში, ე.წ. არჩევნები იქცა რეჟიმის არალეგიტიმურობის მორიგ დასტურად.
და თუ ვინმეს მინდა ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის, სწორი ბრძოლისთვის, პრინციპულობისათვის - ის ხალხია, რომლისთვისაც 4 ოქტომბერს არაფერი დამთავრდა, მივიდა 5-ში და მიუხედავად რეჟიმის მუქარისა და ნიჰილიზმის ბაცილისა, გასცა პასუხი - ვიდგებით აქ გამარჯვებამდე. არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე“, - ნათქვამია წერილში.