ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების ტალღა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყანამ ირანიდან გაშვებული ყველა რაკეტა გაანეიტრალა. მათივე თქმით, ირანმა დამატებითი რაკეტებიც გაუშვა, რაზეც ისრაელის სამხედროები რეაგირებას აგრძელებენ.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის მხრივ აცხადებს, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია „ერთჯერადი ან დროებითი მოვლენა არ არის“, არამედ შვიდდღიანი უწყვეტი იერიშების დასაწყისს წარმოადგენს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ტალღები სამიზნეების მიმართულებით დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაეშვება.
„რაკეტებისა და დრონების ტალღები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ გაგრძელდება, ვიდრე მტერი შეკავებული არ იქნება და თავის დანაშაულებრივ ქმედებებს არ შეწყვეტს“, - აცხადებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.
მათივე თქმით, ირანის ტერიტორიის წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა გაცილებით უფრო მასშტაბურ პასუხს გამოიწვევს.
„ირანის ტერიტორიის ნებისმიერი მიზანში ამოღება მიიღებს გამანადგურებელ და ყოვლისმომცველ პასუხს, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს“, - ნათქვამია განცხადებაში.