კვირას, საბერძნეთის კუნძული ევიაზე მიწისძვრების სერია მოხდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და საავტომობილო გზები, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:58 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი დაახლოებით 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი არაღრმა მიწისძვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა.
მალევე, ათ წუთზე ნაკლებ დროში, რეგიონში კიდევ ერთი, უფრო ძლიერი ბიძგი დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ქალაქ პროკოპიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობდა, ხოლო კერა კვლავ დაახლოებით 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქ ათენშიც და მის შემოგარენშიც იგრძნობოდა.
ყველაზე მეტად დაზარალდა კუნძულ ევიას ორი რაიონი - პროკოპი ჩრდილოეთ ნაწილში და დაფნუსი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაინგრა, ხოლო მეწყერებმა გზების ნაწილი ჩაკეტა და გადაადგილება გაართულა.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, სეისმური აქტივობის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურები ამ დროისთვის ზარალის მასშტაბებს აფასებენ და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას სწავლობენ.