ძლიერმა თოვამ და არქტიკულმა ქარებმა შეერთებული შტატების სამხრეთ ტერიტორიებს უჩვეულო ყინვა დაატეხა თავს. მზიან ფლორიდაში ამჯერად ყინვისა და უამინდობის გამო დაკეტილია აეროპორტები, გზები, სკოლები და სამთავრობო უწყებები.
რეკორდული თოვლი მოვიდა ტეხასისა და მექსიკის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში. ზამთრის ქარიშხალმა აიძულა ჯორჯიის, ლუიზიანის, მისისიპის, ალაბამისა და ფლორიდის გუბერნატორები, შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ.
ექსტრემალური ამინდის გამო სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ოსტინში, ტეხასის შტატში და 1 ადამიანი - ჯორჯიაში.
სამშაბათს დაიხურა ჯექსონვილის აეროპორტი ფლორიდაში, ლუი არმსტრონგის აეროპორტი ნიუ ორლეანში, ლუიზიანაში და ორი აეროპორტი ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. აეროპორტები ოთხშაბათიდან გეგმავდნენ ფრენების განახლებას, თუმცა დილით 2000-მდე ფრენა კვლავ გადაიდო.
ასევე დაიხურა აეროპორტი ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, ისევე როგორც 4-კილომეტრიანი რავენელის ხიდი, რომელსაც დღეში 100 000 მეტი მანქანა კვეთს ჩარლსტონსა და სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებს შორის.
ფლორიდის ტალაჰესის მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ.
"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ფლორიდის შტატში მიმდინარეობს თოვლის გაწმენდით სამუშაოებს ვატარებთ“, - თქვა გუბერნატორმა რონ დესანტისმა, როცა თოვლმა დაფარა თეთრქვიშიანი პლაჟები.
ლუიზიანის ნიუ ორლეანში თოვლი ბოლოს 10 წლის წინ მოვიდა. ზოგიერთ რაიონში თოვლის სისქემ 25 სანტიმეტრი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება 1963 წლის ახალი წლის ღამეს დაფიქსირებულ რეკორდს - 6.8 სმ.