ჩინეთის რამდენიმე მსხვილ პორტში აშშ-ის მიერ სანქცირებული ტანკერების მიღება შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, შეზღუდვები გამოაცხადა ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პორტ ოპერატორმა Shandong Port Group-მა, რომელიც მართავს პორტებს შანდუნის პროვინციაში, სადაც სანქცირებული ნავთობის ძირითადი ნაწილი შედის რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 6 იანვრიდან სანქცირებულ „ჩრდილოვან ტანკერებს“ ეკრძალებათ ნავმისადგომში შესვლა, გადმოტვირთვა ან სხვა საპორტო მომსახურების მიღება პროვინციის პორტებში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრი და მესამე ადგილზეა ქვეყანაში მშპ-ის მიხედვით.