აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, ბაქომ რუსულ მხარეს სამი მოთხოვნა გადასცა, რომელთაგან ერთი უკვე შესრულებულია.
"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი მოთხოვნების შესახებ, რომელიც რუსულ მხარეს ოფიციალურად 27 დეკემბერს გადაეცა. რა მოთხოვნებია ესენი? უპირველესად, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, აღიარონ დანაშაული. მესამე, დაისაჯონ დამნაშავეები და აუნაზღაურდეს ზარალი აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ასევე დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი პირობა გუშინ შესრულდა", - განაცხადა ალიევმა სახელმწიფო ტელეარხ AzTV-სთან ინტერვიუში.
მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანული მხარის სხვა პირობებიც შესრულდება.
მანამდე, 28 დეკემბერს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.
"ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი.