ნახიდურში ავარიის შედეგად გარდაცვლილია ორი არასრულწლოვანი, სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის ძალიან მძიმე ფორმებში, სოფელში სპეცრაზმია შეყვანილი, - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნახიდურში (არახლოში) მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ.
ავარიის შედეგად გარდაცვლილია ორი არასრულწლოვანი. ნათესავები იყვნენ. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის დროს.
სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში.
სოფელში სპეცრაზმია შეყვანილი.
ბოლნისისკენ მიმავალი გზა დაკეტილია ახლა.
ვიზიარებ გარდაცვლილი არასრულწლოვანების ოჯახების მწუხარებას და საშინელ ტრაგედიას. უმძიმესი ტკივილია!
იმედია, რომ მშვიდად ჩაივლის ეს ამბავი და უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაიზრდება, როგორც წინა წლებში მოხდა. ამის შიშები ადგილობრივებს აქვთ.
ეს ადგილები, სადაც ავარია მოხდა ძალიან არაუსაფრთხოა. როგორც მახსოვს, აქ არ არის ზებრა, შუქნიშანი, გამართული გარეგანათება. ავარიული სიტუაციები აქ ხშირად ხდება და წინა წლებში ხდებოდა.
მაგრამ სად სცალია ჩვენს სახელმწიფოს ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის?
მცირე ინციდენტებიც, რომ ასეთ ამბებში გადადის ხომ უნდა მივხვდეთ, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს ამ რეგიონში, უნდობლობა ძალიან ღრმაა და პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო?!
რამე ისწავლეთ წინა წლების გამოცდილებიდან?!“ - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.