შეერთებული შტატების ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში ახალი წლის ღამეს, მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, განზრახ შევარდა ხალხში.
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, დაშავდა 35.
ახალი ორლეანის პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოეწვია,
"ის იყო შეპყრობილი ჯოჯოხეთური სურვილით, ხოცვა-ჟლეტა დაეტრიალებინა და ეს გააკეთა კიდეც", - თქვა მანდ და დასძინა, რომ თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ესროლა და დაჭრა ისინი.
ტელეარხ CNN-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ტრაგედია ახალი ორლეანის ცენტრში მდებარე ისტორიულ ფრანგულ კვარტალში, დაახლოებით დილის 03:15 წუთზე მოხდა. ამ კვარტალში ბევრი მუსიკალური ბარია და ტურისტების თავშეყრის ადგილია.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომანქანა მაღალი სიჩქარით შევარდა ბურბონის ქუჩაზე შეკრებილ ხალხში და შემდეგ სროლა დაიწყო მანქანიდან. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების მიხედვით, დამნაშავე მართავდა თეთრი ფერის „ფორდის“ პიკაპს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტის ალეთეა დუნკანის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ასევე აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ახლა ადგენენ, უკავშირდება თუ არა ეს მოწყობილობა თავდასხმას.
ახალი ორლეანის მერმა ლატოია კანტრელმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.