ნატო-ს წევრი ქვეყნები აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების ყველაზე არასასურველი შედეგისთვის ემზადებიან. ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ კონგრესში რესპუბლიკელების დამარცხებამ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ალიანსის წინააღმდეგ რიტორიკისა და ზეწოლის მკვეთრად გაძლიერებისკენ უბიძგოს.
ამის შესახებ Politico ნატო-ს ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც გამოცემას ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდეს.
დიპლომატების შეშფოთებით, თუ კონგრესში დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკის მიმართულებით მოქმედების თავისუფლებას შეუზღუდავენ, პრეზიდენტმა შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება საგარეო პოლიტიკაში სცადოს, სადაც მას მოქმედების მეტი შესაძლებლობა აქვს.
სამი დიპლომატის შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯი შესაძლოა, ევროპიდან დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა იყოს.
„როგორც წესი, პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას კარგავენ, საგარეო პოლიტიკაში იმედგაცრუებისა და ავანტიურიზმის კომბინაციას ავლენენ. ნატო-ზე თავდასხმები, როგორც ჩანს, ტრამპის მსოფლმხედველობის მუდმივი ნაწილია“, - განუცხადა გამოცემას ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ტრამპი შესაძლოა, განსაკუთრებით გაღიზიანდეს და ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედებები მკაცრი იყოს.
გამოცემის ცნობით, მოკავშირეების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განლაგების გადახედვის პროცესია, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს. დიპლომატების ვარაუდით, თუ კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკაში მოქმედების შესაძლებლობებს შეუზღუდავს, მან შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბი გაზარდოს.
გარდა ამისა, ნატო-ს დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შეამციროს აშშ-ის ფინანსური შენატანები ალიანსის საერთო ფონდებში, PURL-ის ფარგლებში შეზღუდოს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის პროგრამა და კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთთან.
ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოანა ლუნგესკუმ Politico-სთან საუბრისას გააფრთხილა, რომ არსებობს რისკი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვა, უკრაინის საკითხი და ევროპის უსაფრთხოების მომავალი რუსეთთან უფრო ფართო შეთანხმების ნაწილად იქცეს.
მისი შეფასებით, ასეთმა სცენარმა შესაძლოა, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათო ვითარება შექმნას.
ამასთან, ყველა მოკავშირე ასეთ სცენარს არ იზიარებს. მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა დრაგან კრაპოვიჩმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ნატო-ს დატოვების შესახებ ვარაუდები ადრეც არაერთხელ გამოთქმულა, თუმცა ეს არ მომხდარა. მისი თქმით, ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების საბოლოო გადაწყვეტილებას კონგრესი იღებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა Politico-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ნატო-სთვის სხვებზე მეტი გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს ირანთან ომში აშშ-სთვის მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრსა და სენატის 100 წევრიდან 35-ს აირჩევენ. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.