კანადა იწყებს "დიდი შვიდეულის" თავჯდომარეობას, რომელიც გასტანს მთელი 2025 წლის განმავლობაში.
"დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობა კანადამ იტალიისგან როტაციის წესის თანახმად გადაიბარა.
ოტავამ უკვე განაცხადა "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობის განმავლობაში, თავისი პრიორიტეტების შესახებ, როგორიცაა ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე რეაგირება.
"დიდი შვიდეულის" სამიტი გაიმართება კანადაში, ალბერტას პროვინციის ქალაქ კანანასკისში. ბოლო 40 წლის განმავლობაში, კანადამ "დიდი შვიდეულის" 6 სამიტს უმასპინძლა.
კანადას ახლა რთული პოლიტიკური წელი ელის, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს გუნდის განხეთქილების შემდეგ. შესაძლოა, მთავრობას გადადგომა მოუწიოს და ტრუდომ დაკარგოს პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნების შანსი.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში 1977 წლიდან ევროკავშირიც მონაწილეობს.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.