ხელისუფლებას ვერასოდეს ვაპატიებ ჩამსხვრეულ სახეებს და გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, - ამის შესახებ მწერალმა ნაირა გელაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
„მინდა, გამოვხატო ჩემი უკიდეგანო პროტესტი, აღშფოთება, შეძრწუნება და სასოწარკვეთაც, იმ სისასტიკის გამო, რაც ვლინდება მომიტინგეების მიმართ. განსაკუთრებით დამსხვრეული თავ-პირისა და თავყბის დანახვაზე. ამდენი ადამიანის ასეთი შემუსვრა, მშვიდობიანი მომიტინგის (იმიტომ, რომ ვინც დაშავებულია, ის მშვიდობიანი მომიტინგე იყო), მშობლებისათვის შვილების წართმევა, თვალწინ, ჩასაფრებები, ამდენი ხალხის დაპატიმრება - ეს არის ნამდვილი 37 წლის დასაწყისი.
მე მიკვირს ჩვენს ხალხში სისასტიკის ეს მარაგი. წინა ხელისუფლება იყო და იცით როგორც იქცეოდა. გამოდის, 20 წელიწადია, ორი ხელისუფლება თავის ხალხს სცემს, ასახიჩრებს, ციხეებში ყრის, უმიზეზოდ. იქ აუპატიურებდნენ, აქ გაუპატიურებით ემუქრებიან, წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს...
საკუთარმა ხელისუფლებამ, რომელმაც ამ ახალგაზრდებს ვერაფერი ვერ მოუტანა, ვერაფერი ამ მთავრობამ ვერ შესთავაზა, რომ ეცხოვრებოდეთ აქ და არ გარბოდნენ, მიუბრუნდა და თავპირი და სახსრები დაულეწა.
და ყველაზე საოცარი, რაც მე უბრალოდ მანადგურებს, ის არის, რომ - როდესაც შენს მოწინააღმდეგეს კლავენ და ამსხვრევენ - ეს შეიძლება; როდესაც შენს შვილს შეეხება, შენიანს და შენი პარტიის წევრს - მაშინ არ შეიძლება - აი, ამას ვუყურებთ ჩვენ ახლა - უამრავი ადამიანი, რომელიც მთავრობას უჭერს მხარს, ძალიან გულგრილია იმ ყველაფრისადმი, რაც ხდება. სხვისი შვილების განადგურებისადმი. ასევე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. გამოდის, რომ სიკეთე პარტიულია? გულმოწყალება და შეცოდება ეს პარტიული მოვლენაა?... როგორ შეიძლება გულმოწყალება იყოს ტენდენციური?
...ხელისუფლებამ, რომელმაც ახალგაზრდობაზე ხელი აღმართა, მე პირადად ამას ვერასდროს ვერ ვაპატიებ მაგათ. მე იმ ჩამსხვრეულ სახეებს, იმ გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეს ტრავმა გაჰყვება, მე ვერ ვაპატიებ ვერც წარსულ ხელისუფლებას და ვერც ახლანდელს.
და ეს უნდა შეფასდეს, როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი, იმიტომ, რომ აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა, ექიმებს ჩვენ ვუსმინეთ, რომ ეს არის მართლა უცნობი ნივთიერება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების სერიოზულ დაავადებას და ეს არის ის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რუსის ჯარის ნაცვლად საკუთარი ხელისუფლება თავის ხალხს ასე გაუსწორდა“, - განაცხადა ნაირა გელაშვილმა.