შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სანქციებით ემუქრება აშშ-ის მოკავშირეებს, რომლებიც აღასრულებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავების შესახებ.
"მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, იქნებიან ესენი კანადა, ბრიტანეთი, გერმანია თუ საფრანგეთი, თუ თქვენ დაეხმარებით ICC-ს ორდერის აღსრულებაში, ჩვენ სანქციებს დაგიწესებთ", - თქვა გრემმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.
"თუ თქვენ აპირებთ, დაეხმაროთ ICC-ს, როგორც სახელმწიფო, ბიბისა (ნეთანიაჰუ) და გალანდის დაკავების ორდერის აღსრულებაში... მე სანქციებს დაგიწესებთ“, - დასძინა გრემმა.
აღსანიშნავია, რომ სენატორმა გრემმა მხარი დაუჭირა ICC-ის ორდერს ვლადიმირ პუტინის დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლომ ასევე გამოსცა "ჰამასის" ლიდერის მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ მასის დაკავების ორდერი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა დასავლეთში. თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო და შემაშფოთებული უწოდა სასამართლოს მიერ გამოცემულ ორდერს.
"ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემა შემაშფოთებელია... ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააპატიმრონ.
ისრაელი არ არის რომის სტატუტის წევრი, არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.