თეთრ სახლში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გაცემის შესახებ შემაშფოთებელი უწოდეს.
„ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემა შემაშფოთებელია. ნება მომეცით კიდევ ერთხელ განვმარტო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ICC, ისრაელსა და ჰამასს შორის თანასწორობა არ არსებობს - საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით მისი უსაფრთხოებისათვის“ - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, აშშ განიხილავს მომავალ ნაბიჯებს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან.
„ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
მანამდე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ „რჩება ღრმად შეშფოთებული პროკურორის (ICC-ის) აჩქარებით დაკავების ორდერის გამოცემის გამო და შემაშფოთებელი პროცედურული შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება“. - ნათქვამია განცახდებაში.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერები გასცა.
ცნობისათვის, არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას. ვინაიდან სასამართლოს არ ჰყავს საკუთარი „პოლიცია“, რომის სტატუტის მონაწილე 124 სახელმწიფო პასუხისმგებელია მისი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.