„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და პარლამენტში ყოფნით მას ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ.
„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში; ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის ფედერაციის. ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.