უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო.
ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო.
ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.