დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის არჩევნების უფლების დაბრუნებაზე.
„დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. თქვენ დღეს თქვენი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს.
ჩვენი ერთიანობით აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე. უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს.
დღეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ძალა, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.