ISFED-ის ეს მტკიცებულება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ცესკო-სგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ უბანზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ერთიან საარჩევნო სიაში იყო რეგისტრირებული.
ანა წითლიძის განცხადებით - დღითი-დღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.
„დღითი-დღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, ყველა ის გაყალბება, ყველა ის უბედურება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ISFED-ის ეს მტკიცებულებაც არის ამის ნათელი დადასტურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ კატასტროფულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, გაყალბებაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ კვალის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში მათ ვერ შეძლეს, ამიტომაც ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოჩნდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მუშაობს სამოქალაქო სექტორი, ამაზე მუშაობს ოპოზიციაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას.“- განაცხადა ანა წითლიძემ.