„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„ამერიკის ხმას“ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხი სენსიტიურობიდან გამომდინარე.
ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება. მისი თქმით, განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.