გუბაზ სანიკიძე იმედია, განმარტავს იმ გადამლაშებას, რაც განცხადებაში მოუვიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ბატონ გუბაზს განცხადებაში ცოტა გადამლაშება რაც მოუვიდა, იმედი მაქვს, რომ თავად განმარტავს. მე ნამდვილად მომხრე ვარ, რომ ხარებამ, რომლის სახელითაც კონკრეტული პოლიციელების ჯგუფი სცემს ხალხს, პასუხი აგოს, ისევე როგორც ყველა იმ მოღალატე პოლიციელმა, რომელმაც ძალის გადამეტების შემთხვევაში, კანონის წინაშე შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაგრამ ის, რომ მასობრივად გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, რომელიც არ არის დაკავშირებული მსგავს შემთხვევებთან, ბუნებრივია ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. მიუხედავად იმ მავნე პრაქტიკისა, რომელიც 30 წელია არსებობს, როდესაც ხელისუფლებები იცვლება და უამრავი საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით ტოვებს სამსახურს, ამ პრაქტიკის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. პოლიტიკური განწყობების მიუხედავად საჯარო მოხელეების გარანტიები უნდა იყოს დაცული, გარანტიები, რომლებიც კანონით არსებობს, თუმცა პოლიტიკა ხშირად უპირისპირდება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.