ფრთხილად იყავით, ბავშვებთან, ოჯახებთან და შვილებთან, გამწარებული მამები არ მიიღოთ ორლულიანი თოფებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„რამე არ შეგეშალოთ, „ქოცებო“, თორემ მერე დანდობა აღარ იქნება თქვენი. ეს ახალგაზრდები უპატრონოები არ არიან, ამათ მამები და დედები ჰყავთ. ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ. მამების აჯანყება არ მიიღოთ, გაფრთხილებთ. შარში გაეხვევით, ფიზიკური დანდობა არ იქნება თქვენი. რომელიმე ბავშვს რამე არ დაემართოს, თორემ რომლის მამა გაჩერდება? ეს საქართველოა, ბელარუსია და რუსეთი არ არის, „პაჩკობით“ რომ მიჰყავთ ომში და ხოცავენ ახალგაზრდობას, არც იმათ ინდობენ და არ თავის თავს. რამე არ შეგეშალოთ, რომელიმე ბავშვს რამე მოურჩენელი არ დაემართოს. დამიბარეთ ახლა სუს-ში, მოვალ, ჩაგიტარებთ ლექციას. თქვენ არიეთ ქვეყანა მაისში. პარტიებმა დაიწყეს საუბარი, პენსიებზე იყო ლაპარაკი, როგორი უნდა იყოს ფასები, თქვენ ბომბი შემოაგდეთ ქვეყანაში. რადიკალიზაცია თქვენ დაიწყეთ. ამიტომ ფრთხილად იყავით“, – განაცხადა სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას.
„პოლიციელებო, ზონდერ პოლიცია ხართ უკვე. ძალიან დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და კარგი. პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს. ალბათ ოფიცერთა კორპუსი – ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან. გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია: მეურვეობა და დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით, ამიტომ თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება. მოთხოვნა იქნება. ხალხი რომ ოპოზიციურად არის განწყობილი, იმიტომ არის, რომ მოითხოვს, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. თქვენი ქონების საკითხი – დაუსაბუთებელი ქონების საკითხი ამოქმედდება და ჩამოგერთმევათ. მოვა კომისია, შეხედავს თქვენს კარ-მიდამოს, იკითხავს, საიდან იშოვე ეს ფული. „სიდედრმა მაჩუქა“ აღარ იქნება, სიდედრსაც მოეკითხება, საიდან აქვს ეს ქონება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.