„ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ვერ შენიღბავს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას, – ამ სათაურით აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. დიალოგი ევროპას არასდროს დაუხურავს; ის აზრს „ქართულმა ოცნებამ“ დააცარიელა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. შემდეგ მან ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობით და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ფორმალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მათი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელახლა გაიხსნება ხელისუფლებისთვის იმ დღეს, როდესაც მათი ქმედებები და არა სიტყვები აჩვენებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას.
[კობახიძის] წინადადების დრო თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ის იმის ფონზე მოხდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე, მათ შორის ბოლო ოპოზიციური პარტიის, რომელიც ჯერ კიდევ წარმოდგენილია პარლამენტში. მთავრობას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას ცდილობს, არ შეუძლია ამავდროულად საკუთარი თავის დიალოგისთვის სანდო პარტნიორად წარმოდგენა. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წინადადება სხვაგვარად ვერ განიხილება, თუ არა როგორც საფარი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებისთვის.
როგორც ევროპარლამენტმა განაცხადა 2026 წლის 8 ოქტომბრის თავის რეზოლუციაში, ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვის მოწოდებით გამოვდივართ. ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად. ის კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და წევრობისკენ ნებისმიერ პროგრესს გამორიცხავს. დღემდე, არაფერი შეცვლილა!
საქართველოსთან ურთიერთობებზე ევროპარლამენტის პოზიცია ნათელი და თანმიმდევრულია. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისადმი მათ უდიდეს მხარდაჭერას, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად გაჩნდა. ნებისმიერი გულწრფელი ხელახალი ჩართულობა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს:
ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება;
კანონების გაწვევა, რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და პოლიტიკურ აქტიურობას, მათ შორის იმ შეზღუდვების, რომლებმაც ევროპულ პოლიტიკურ ფონდებს ქვეყნის დატოვება აიძულეს;
ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ გზა.
მანამდე, საბჭოსა და წევრს სახელმწიფოებს მოვუწოდებთ საბოლოოდ ხელშესახები შედეგების მიღებისკენ, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ - ევროკავშირის ადამიანის უფლებების გლობალური სასანქციო რეჟიმის (ე.წ. “ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი”) ან სხვა სასანქციო რეჟიმების ფარგლებში”, - ნათქვამია განცხადებაში.