ხვალ, 22 დეკემბერს, 16:00 საათზე, კომპანია "თელასი" 2010 წლის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს. პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.
კომპანიის ინფორმაციიით, გასული წელი წარმატებული იყო - გაუმჯობესებულია კომპანიის ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლები.
2010 წლის 11 თვეში "თელასის" მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებულმა ინვესტიციების მოცულობამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 13 მილიონ ლარზე მეტი გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესების პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯა.
კომპანია "თელასის" მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. ამგვარი პროექტების განსახორციელებლად აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ 8 მილიონ 938 ათასი ლარი უკვე დახარჯა.
რაც შეეხება აბონენტთა ქსელის გაფართოებასა და ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესებას, ამ პროექტების განსახორციებლად 2010 წლის 11 თვეში კომპანიამ 4 მილიონ 163 ათასი ლარი დახარჯა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა ზემოხსენებული სამუშაოს ჩატარების შედეგად, გაიზარდა აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა, შემცირდა ელექტროენერგიის ტექნიკური და კომერციული დანაკარგების ოდენობა.
გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2011 წელს კომპანიის განვითარებისთვის "თელასი" 25 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს.
კომპანია "ინტერ რაო ეესის" საქართველოში მოღვაწეობის მთელი პერიოდის განმავლობაში "თელასის" განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების სრულმა მოცულობამ 170 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
კომპანიის გენერალური დირექტორი იური პიმონოვი 2010 წლის 100 ყველაზე წარმატებულ თანამშრომელს დააჯილდოებს.