ხვალ, 22 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება.
არჩევნები 12:00 საათზე დაიწყება.
არჩევნებში უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2 კანდიდატი მონაწილეობს: თელავის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი თინათინ ჯავახიშვილი და ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი.
რექტორი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან 8 სექტემბერს გადადგა. გოცირიძემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად დაასახელა, რომ „რექტორად მუშაობის გაგრძელება აღარ სურს". გიორგი გოცირიძე „თავისუფლების ინსტიტუტის" კადრი იყო. გოცირიძე რექტორის თანამდებობაზე 2004 წელს აირჩიეს. მანამდე ის „თავისუფლების ინსტიტუტის" კახეთის რეგიონის კოორდინატორად მუშაობდა. ამ ორგანიზაციასა და განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შორის არსებული დაპირისპირების გამო კი, გოცირიძეს თანამდებობიდან წასვლა განათლების სამინისტროდან მოსთხოვეს.