ქუთაისის დიდების მემორიალის ანალოგის მოსკოვში გახსნა რუსული მხარის უსაქმურობის დროს მოძიებული იდეაა.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგის გახსნის შეფასებისას აღნიშნა.
"მე მგონია, რომ მოსკოვში სხვა საქმე არ აქვთ და უსაქმურობისგან არ იციან რა აკეთონ. დიდების მემორიალის აღდგენა სუფთა უსაქმურობისგან მოძიებული იდეები და თემებია", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს და რუსეთის პირველი პირები - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია, ერთმანეთის პიარ-აქციების გადაფარვით არიან დაკავებულები.
"არ შეიძლება, ხან ერთი ჩნდებოდეს ტანშიშველი, ხან მეორე, ხან ერთი ანგრევდეს რაიმე ძეგლს და მეორე აღდგენდეს და ერთმანეთის პიარ-აქციების გადაფარვით იყვნენ დაკავებულები", - დასძინა დეპუტატმა.