ევროსაბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე მთავარი თემა რუსეთის მიერ რეზოლუციების არშესრულება იქნება.
ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელთან დიკ მარტთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
ცისკარიშვილის შეფასებით, მარტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული რეზოლუციების შესრულება არ შესრულების საკითხს, რაც მოსკოვს ყოველთვის სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
"რუსეთს ეს საკითხი იმიტომ აწუხებს, რომ, როგორც კი რუსეთ-საქართველოს ომის თემა დღის წესრიგში დგება, ყველას ახსენდება კრემლის მიერ შეუსრულებელი რეზოლუციები და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა გამუდმებით ახსენებენ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რუსებს ჰქონდათ მცდელობა, რომ დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი აღარ დამდგარიყო, თუმცა არ გამოუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ დიკ მარტი საქართველოში წუხელ ღამით ჩამოვიდა, ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. ევროსაბჭოს წარმომადგენელი თბილისს დღესვე დატოვებს.
როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს შემაჯამებელი სხდომა 17 იანვარს გაიმართება.