საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას შეფასებით, მოსკოვში "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნა კოლაბორაციონიზმის გამოვლინების ყველაზე ნათელი მაგალითია.
"როცა ოკუპანტის ქვეყანაში ჩადიხარ და საბჭოთა მემორიალს ხსნი, ეს ნიშნავს, რომ ამართლებ ოკუპაციას, რომელიც მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აბსულუტურად არ სცემ პატივს ხალხს, ვინც რუსული აგრესია იწვნია და განიცადა, ვისაც ყველაზე მეტად ეტკინა _ იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახზეც და შვილებზეც გადაიარა ამ ოკუპაციამ. ქართველების მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ეს არის თავხედობის, უტიფრობის და ცინიზმის გამოხატულება", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში გამგზავრებაზე კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული მემორიალის ანალოგის გახსნას. რურუას შეფასებით, ამით პუტინი საბჭოთა იმპერიის გადმონაშთის შენიღბვას ცდილობს, თუმცა, ეს არ გამოუვა.
"ეს არის პუტინის ფანტაზიის შედეგი, რომელიც მისტირის საბჭოთა იმპერიას. ის აბსულუტურად ცინიკურად და ყალბად, ფაშიზმთან გამარჯვების მიზეზით, ცდილობს საბჭოთა კავშირის გადმონაშთის რაღაცნაირად შენიღბვას, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს", - განმარტა რურუამ.
მისივე თქმით, "დიდების მემორიალი", რომელიც ქუთაისში იყო განთავსებული, დემონტაჟამდე თვითონ ხალხმა გაანადგურა და გაძარცვა.
"თავის დროზე აქ მემორიალის გაკეთება მის ავტორს ცეკამ შეუკვეთა. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ "დიდების მემორიალი", ვიდრე მისი დემონტაჟი მოხდებოდა, თვითონ ხალხმა გაანადგურა და დემონტირებისას ის სრულიად განძარცვული იყო", - დასძინა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" დღეს ქუთაისში ერთი წლის წინ დემონტირებული "დიდების მემორიალის" ანალოგი იხსნება. ღონისძიებაში ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობენ.