საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურ კომენტარს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს- სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან დიდია, ამ ეტაპისთვის მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. შესაბამისად ოფიციალურ კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს.
"ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ყველა იმ შეფასებას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების, ორგანიზაციებისა, თუ ქვეყნების მხრიდან კეთდება. ჩვენთვის ასევე საინტერესოა შეფასება ქართული მხარისა, რომელიც მინსკში სადამკვირვებლო მისიით იმყოფება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელორუსს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ბელორუს და ქართველ ხალხს შორის ტრადიციული მეგობრობა არსებობს. ასევე ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობაა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურულ სფეროში.