ქართული მხარე რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორაგნიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და დიალოგის დაწყებას სთავაზობს. დიალოგის ფარგლებში, შესაძლოა, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება საუბრის თემა გახდეს.
თუმცა, როგორც მანჯგალაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და მის ორგანიზაციაში შესვლას მხარს არ დაუჭერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თარგამაძის ინიციატივა საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება პოზიციების შეცვალს მაინც არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას ახალი ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არა ქართული და რუსული ძალების დაყენება, არამედ მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს.