რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მომხდარს სათანადო პასუხი გაეცემა და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს შესაბამის წინადადებას.
რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ ცნობით, თათბრის დროს პუტინმა შესაბამის სამსახურებს სთხოვა, დაშავებულ გოგონასა და მის ნათესავებს საჭირო დახმარება გაუწიონ და აღნიშნული საკითხი კონტროლზე აიყვანონ. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ საგანგებო მდგომარეობის ყველა გარემოება დადგინდება.
ამის გარდა, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დახმარება აღმოუჩინონ იმ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობის შეწყვეტის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
თათბირის შემდეგ პუტინმა ხიდის აფეთქების გამო „პასუხი“ დააანონსა. მისი თქმით, „თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებას“. თავად იერიშს კი პუტინმა „სამხედრო თვალსაზრისით უაზრო და სასტიკი უწოდა“.
ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ერთი დაშავდა. მომხდარის გამო ყირიმის ხიდზე შეწყვეტილი იყო ტრანსპორტის გადაადგილება. რუსეთში აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია იყო. მათივე ცნობით, იერიში წყალზედა დრონებით განხორციელდა.