გერმანიაში იძიებენ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში პოლონეთის შესაძლო კავშირებს. გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა სრულად დაადგინეს 15-მეტრიანი იახტის, Andromeda- ს, მარშრუტი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს რუსულ გაზსადენზე დივერსიის მოსაწყობად.
გამოძიება ცდილობს გაიგოს, თუ რატომ შევიდა იახტა რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, დანიის კუნძულზე მდებარე პორტიდან გასვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში, თქვეს გამოცემის წყაროებმა. მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იახტა პოლონეთის სანაპირომდე მივიდა თუ უბრალოდ მიუახლოვდა სხვა გემს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, გამომძიებლები იძიებენ, თუ რატომ დაიქირავეს იახტა ვარშავის ტურისტული სააგენტოს მეშვეობით, რომელიც შესაძლოა იყოს უკრაინის საკუთრებაში არსებული კომპანიების ქსელის ნაწილი უკრაინის დაზვერვასთან შესაძლო კავშირებით.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი დაზიანდა. შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები აფეთქდა, მაგრამ დამნაშავე ჯერ კიდევ დგინდება.